Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №4
Urban Heritage
ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის #20 და #22 შენობების რეაბილიტაციის საკითხისათვის

დ. თუმანიშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველო

გ. კიღურაძე
დეველოპერული კომპანია „არსი“, საქართველო

ნ. ჩიტიშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველო

თ. ხოსროშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველო

. ნაცვლიშვილი
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, საქართველო

 

 

 

საკვლევი ტერიტორია წარმოადგენს ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევით, ნინო და ილია ნაკაშიძეებისა და იეთიმ გურჯის ქუჩებით შემოსაზღვრულ მიკროკვარტალს, სადაც თოთხმეტი შენობა დგას [1]. მათი უმეტესობა XIX საუკუნის სხვადასხვა პერიოდშია აგებული, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მხოლოდ სამს აქვს. რამდენიმე სახლი 1980-იან და 2000-იან წლებშია აგებული. მიკროკვარტალი ზემო კალას შუაგულშია განთავსებული და ძირითადად საცხოვრებელი ფუნქცია აქვს. უბნის მთავარ პრობლემას მოუვლელი, მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული შენობები წარმოადგენს, ამას ემატება ეზოებში ჩადგმული სხვადასხვა სახის დამატებითი მოცულობები და ისტორიულ შენობებზე გაკეთებული გვიანდელი მიშენებები. ეს დანამატები მოსახლეობის მიერ არასაკმარისი საცხოვრებელი ფართის გაზრდისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არის აშენებული. უბნის რეაბილიტაციის შემთხვევაში ისინი აუცილებლად უნდა მოიშალოს, შესაბამისად, მოსაძებნია მაცხოვრებელთა ზარალის ანაზღაურების გზა. მომავალში უბნის რებილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორებისა და რესტავრატორების საერთო ძალებით უნდა მოხდეს. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობით. წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორია მოიცავს სამ მისამართს _ ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის ##18, 20 და 22. სახლი #18 დღეს დანგრეულია. დარჩენილი ორი შენობიდან ისტორიული ღირებულებით სახლი #20 გამოირჩევა[2]. მისაღები იქნებოდა ამ უბნისათვის მთლიანად საცხოვრებელი უბნის სტატუსის შენარჩუნება, მაგრამ სამწუხაროდ მიწის ნაკვეთების სიდიდე, სახლების განლაგება და ფართი არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ გადაწყდა დაპროექტდეს პატარა სასტუმრო, რომელიც არ შეიტანს მკვეთრ დისონანს უბნის ცხოვრებაში და ამასთანავე მისცემს უბანს განვითარების საშუალებას.


ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი #18

დღეს ცარიელ მიწის ნაკვეთზე (სურ. 1) (431 კვ. მ. ფართობის) უწინ ერთსართულიანი სახლი იდგა. ის ძლიერად იყო გადაკეთებული, თუმცა, შეიცავდა ძველი აგურითა და რიყის ქვით ნაგებ XVIII საუკუნის კედლებს და XIX საუკუნის 30-50-იანი წლების თბილისის საცხოვრებელი სახლებისათვის დამახასიათებელ არქივოლტებს. აგურითა და რიყის ქვით ნაშენი კედელი ჰქონდა სარდაფს. მაია მანიას ვარაუდით, მისი ვიწრო ეზო შუა საუკუნეების წარმოშობის ჩიხი იყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაძლებელია როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე სასტუმროს აშენება. ვიწრო და წაგრძელებული ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ ახალი ნაგებობის ეზოს სიღრმეში გამავალი მონაკვეთი იყოს სამსართულიანი, მაშინ როცა ქუჩის პირზე გამომავალი ფასადის სიმაღლე შესახვევის მასშტაბის გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს ორ სართულს.

შენობის ფასადი უნდა იყოს სადა, არააქტიური და თანამედროვე. არ არის რეკომენდირებული მეზობელი სახლების და/ან უბნისათვის დამახასიათებელი ისტორიული დეტალების კოპირება.


პროექტის მიხედვით:

მიწის ნაკვეთის ფორმის გამო (ვიწრო და სიღრმეში განვითარებული) ვერ ხერხდება შენობაში ქუჩის გარდა სხვა მიმართულებით ღიობების გაჭრა (სურ. 2, 3, 4). ამ გარემოებამ გამოიწვია შენობის დაყოფა ორ ბლოკად, რომლებიც ერთმანეთისაგან არიან განცლკევებული შიდა ეზოთი, სადაც გამოდის ფანჯრები. ორ ბლოკს შორის მანძილი უდრის 6 მეტრს, რაც დაუშვებელია საცხოვრებელი სახლისათვის, ხოლო სასტუმროსთვის სავსებით მისაღებია.


ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევის #20

ორსართულიანი სახლი ქუჩისგან აგურის ზღუდით მოფარგლული ეზოს სიღრმეში დგას (სურ. 5). ის ეზოს მხარეს მეორე სართულზე მოთავსებული ხის აივნიანი ფასადით იყურება (სურ. 6). აივანზე მოხვედრა სახლის მარცხენა კიდეში მიდგმული ხის კიბით არის შესაძლებელი. დღეს მოუვლელობისგან გაპარტახებულ ეზოში, სადაც საგანგებოდ დატოვებული მოშვებული ონკანიდან წყალი დღედაღამ მოედინება და აზიანებს აგურის ზღუდეს და სავარაუდოდ სახლის საძირკველსაც, რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ იდგა მრავალწლოვანი იფანი და დარჩენილი იყო ქვით მოკირწყლული ზედაპირი, სავარაუდოდ ერთ-ერთი უძველესი ძველ თბილისში.

სახლის დღევანდელი ფასადის მიღმა (არსებული ხის აივანი XX საუკუნის დასაწყისისაა) იმალება ორი სამშენებლო ფენის შემცველი მოცულობა, რომლის ორივე სართულზე ოთხ-ოთხი ოთახია განთავსებული. პირველი სართულის უკანა ოთახებში თითო ბუხარია.

საინტერესოა მარცხენა წინა ოთახის გადაწყვეტა, ის ეზოს მხარეს კედლის გარეშე იხსნება. მისი იატაკი აგურით არის მოგებული. მის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან იატაკში მცირე ზომის, სავარაუდოდ სურსათის შესანახი, ოთხკუთხა ჩაღრმავებაა. ბანით გადახურული სახლის მეორე სართულის სამხრეთის უკანა ოთახს სახურავში ერდო აქვს დატანებული. ინტერიერში ასევე გვხვდება ღრმა ნიშა-საჭრაქე და ხის ორფრთიანი კარებით დაკეტილი ღრმა თახჩები, რომლებიც შესაძლოა XIX საუკუნეზე ადრინდელიც კი იყოს.

სახლის სამხრეთი კედლის სისქეში დატანებულია ძველი აგურის კიბე (სურ. 7), რომელიც გრძივად მიუყვება სახლის გვერდს და სახლის სახურავისკენ მიემართება. სახლის სახურავი ბრტყელი გადახურვის მქონე მიწატკეპნილ ბანს წარმოადგენს. ბრტყელი გადახურვა დღეს ცალქანობა სახურავის ქვეშ არის მოქცეული და გარედან არ იკითხება.

სახლის გარე კედლები რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობითი წყობით არის ნაშენი, რაც მათი ადრეული, XVIII საუკუნით, განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ, ყველაზე ადრეული სამშენებლო ფენის შემცველი, სახლის სარდაფია. ის ორი ოთახისაგან შედგება _ ერთი სიღრმითა დიდი ოთახია, რომელიც სახლის ძირითად ნაწილს შეესაბამება, მეორე კი ვიწრო სივრცეა, რომელიც ნაგებობის ეზოსპირა მხარეს გრძივად მიუყვება. სარდაფის კედლების წყობაში ორი სამშენებლო ფენა განირჩევა. პირველი ფენა რიყის ქვის და ძველი აგურის მონაცველობითი წყობით ამოყვანილი გარე კედლებია და სავარაუდოდ XVI საუკუნით თარიღდება, მათ წინ თავისუფლად მგომი აგურის კედელის ფრაგმენტები კი XVIII საუკუნეშია ამოყვანილი.

სახლის კიდევ ერთ თავისებურებას წარმოადგენს შეულესავი აგურის ზღუდე, ხის პროფილირებული ორფრთიანი კარითა და მასზე შემორჩენილი ავთენტური ლითონის დეტალებით, სავარაუდოდ ის ასევე XVIII საუკუნისაა.

როგორც დავინახეთ, ავლევის შესახვევის #20 სახლში განირჩევა სამი ქრონოლოგიური შრე _ XVI, XVIII და XX საუკუნის დასაწყისის. სახლს განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ის ჩვენამდე მეტ-ნაკლებად სრული სახით მოღწეული ერდონიანი სახლის უკანასკნელი გადარჩენილი ნიმუშია.

 

დასაცავი ფასეულობები:

სახლი, როგორც ერდოიანი საცხოვრებელი შენობის ტიპი;

აგურის ზღუდის ცენტრალური მონაკვეთი, ხის კარი ლითონის დეტალებით;

 

სარდაფი: 

ორი, XVI და XVIII საუკუნეების ფენები.

 

პირველი სართული: 

ღია სადგომის აგურით მოკირწყლული იატაკი, ოთხკუთა სათავსო ე. წ. მაცივარი, უკანა ორი ოთახის ბუხრები.

 

მეორე სართული: 

სამხრეთით მდებარე სიღრმითა ოთახის ერდო, ღრმა ნიშა, სავარაუდოდ, საჭრაქე, ორი ოთახის თახჩები ხის ორფრთიანი კარებითურთ.

 

სახურავი: 

ბანზე ასასვლელი კიბე, რომელიც გარე და შიდა ოთახის კედლებს შორის ადის. ხის ძელებით გამაგრებული აგურის მაღალი ოსტატობით შესრულებული კედლებისა და საფეხურების წყობა, ბუხრების მილები, ბანი.

 

ეზო: 

ეზოს კონფიგურაცია.

 

შესაძლო ცვლილებები:

დაზიანების ხარისხის განსაზღვრის შემდგომ შესაძლოა საჭირო გახდეს ხის საყრდენი ძელების გამოცვლა. სასურველია მათი ჩანაცვლება კვლავ ხის ძელებით მოხდეს ჩამონგრეული ბუხრის წყობა უნდა აღდგეს ისევ აგურით, რომელიც იქვე გორებად ყრია. საჭიროების შემთხვევაში მიზანშეწონილია მსგავსი მასალის მოძიება და გამოყენება.

ინტერიერში მთლიანად მოსახსნელია შპალერი, რამაც შესაძლოა დამატებითი ცვლილებების საჭიროება გამოამჟღავნოს.

შესანარჩუნებელია ღია ოთახის აგურის იატაკი და სათავსო-მაცივარი. გარდა ამისა, თუ მოხდება ამ სივრცის შემოსაზღვრა, ოთახად გადაკეთება, სასურველია მსუბუქი/გამჭოლი კონსტრუქციის მოწყობა, რომელიც ამ ოთახის გეგმარებით სტრუქტურას და სივრცულ ორგანიზაციას აქტიურად არ შეცვლის.

მოსაფიქრებელია შენობის გადახურვის ფორმა. ვფიქრობთ, სასურველია ბანი და მასზე ასასვლელი კიბის უჯრედი მოექცეს გადახურვის ქვეშ, ისე რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბანის ღია სტრუქტურა. ეს გადახურვა უნდა შეესაბამებოდეს გარემოს და კარგად იცავდეს სახლს ნალექის ზემოქმედებისაგან (სურ. 9). არსებობს საშიშროება ძლიერი წვიმის დროს წყლის ნაკადი ჩავიდეს კიბის ღია ჩასასვლელში.

რადგან ხის კიბე და აივანი მეორე სართულზე მოხვედრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს, ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნიათ მხატვრულ-ისტორიული ღირებულება, დასაშვებია, არსებული კონფიგურაციის გათვალისწინებით, მათთვის ახალი დიზაინის შემუშავება. რეკომენდაცია ეწევა სადა გადაწყვეტას, რომელიც შეესაბამება ქუჩის განაშენიანების ხასიათს.

 

დასაზუსტებელი დეტალები:

დასადგენია ეზოს საფარის ხასიათი. აქ იყო გარკვეული სახით დალაგებული რიყის ქვის წყობა, რაც მის არქაულობაზე მიანიშნებადა. ამჟამად ის მთლიანად დაფარულია ნაგვით. გამოსავლენია რა სახისაა და რა ფართობს მოიცავს, რადგან ის შემდგომში გვიკარნახებს ეზოს საერთო მოწყობის სახეს.

სახლს აივნის შიდა კელდების გარდა არ აქვს განათების და განიავების წყარო. შესაძლოა შპალერის მოხსნის შემდგომ გამოვლენილმა მასალამ მოგვცეს გარკვეული სახის ინფორმაცია თავდაპირველი ფანჯრების განლაგების თაობაზე, ან მათი გაჭრის მიზანშეწონილობაზე.          გამოსაცვლელია არსებული ხის კარ-ფანჯარა. მათი დიზაინი კიბესა და აივანთან ერთად უნდა იყოს მოფიქრებული. ბნელი ოთახების გამო აუცილებელია კარები ისევ შემინული დარჩეს.

ძველი ზღუდის ცენრტალური ნაწილი დღეს უსახური ბეტონის კედელშია ჩართული. ბეტონის კედლები უნდა დაინგრეს და ზღუდის თავდაპირველი კონფიგურაციის გათვალისწინებით კვლავ აგურით უნდა აღდგეს დანგრეული მონაკვეთები.

 

პროექტის მიხედვით:

ჩვენ შეუცვალეთ სახლს ფუნქცია და ვაქციეთ სასტუმროს ნაწილად, ვინაიდან მას აქვს ორი ძირითადი პრობლემა: 1. ოთახების მეტისმეტად დაბალი ჭერი, დაახლოებით 2,5 მ; 2. გაუნათებელი უკანა ოთახები, გარდა ერდოიანი ოთახისა. როგორც სასტუმროს ნაწილისათვის, აღნიშნული ნაკლი შეიძლება გადაიქცეს უპირატესობად და სახლში მოეწყოს ორი ეთნოგრაფიული ნომერი. ამ ნომრების ინტერიერის დიზაინი შესრულდება ქართულ ნაციონალურ სტილში, ამავდროულად აუცილებლად იქნება დაცული სასტუმროს ნომრებისადმი თანამედროვე მოთხოვნები (ვენტილაცია, კანალიზაცია და ა.შ.).

მეზობელი შენობების გათვალისწინებით ფასადი გაკეთდა სადა (სურ. 8), ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწევრებით. რაც შეეხება ეზოს მოწყობას, უნდა ხელახლა ჩაირგოს იფანი, გადაჭრილის ნაცვლად, ეზო უნდა მოიკირწყლოს და გაკეთდეს ახალი გაზონი.


ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი #22

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩის მხრიდან დაბალი ზღუდით მოფარგლული ეზოს სიღრმეში დგას (სურ. 10). ის გეგმით ამობრუნებულ ლათინურ ,,L”-ს ჩამოჰგავს. სახლი ეზოს მხარეს მეორე სართულზე მოთავსებული ხის ღია აივნით იყურება. შეულესავი აგურის გვერდითა ფასადით შესასხვევში გადის. დღეს მისი მეორე სართულის კედელი მთლიანად გამონგეულია. შესაბამისად, დაზიანებულია მის კიდეებში აგურით გამოყვანილი პილასტრებიც.

აივნისკენ მიემართება სახლის მარცხენა კიდეში განთავსებული ხის კიბე, რომელიც შეფიცრული სადარბაზო უჯრედის თავზე გადადის. აივანის სვეტებს ოდესღაც ჭვირული ,,ფარდები” ამკობდა, დღეს ისინი დაკარგულია. სახლის XIX საუკუნის მიწურულის ფასადების მიღმა XVIII საუკუნის ძველი აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით ნაგები ზურგის კედლები იმალება. ისინი კარგად ჩანს მეზობელი სახლის (ავლევის შესახვევის #20) ბანიდან.

სახლის ეზოს ფასადის პირველი სართული განსაკუთრებით არის დამახინჯებული XX საუკუნის მინაშენებით. დაბეტონებულია ნახევარსარდაფის არე. ბეტონის ფილებით არის აწყობილი ზღუდეც, თუმცა ის თავდაპირველი ზღუდის პროპორციას უნდა იმეორებდეს.

სახლი #22/25-ის მხატვრული სახე დღეს განძარცვულია, თუმცა ის ღირებულია ტიპოლოგიური თვალსაზრისით და აქვს ურბანული მნიშვნელობა. მისი XVIII საუკუნის ფრაგმენტები კი სახლს ისტორიულ ღირებულებას სძენს. სივრცითი ორგანიზების მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის ეზო, ტიპური ამ უბნისთვის.

სახლი, როგორც XIX საუკუნის ეზო-აივნიანი სახლის ნიმუშის შენარჩუნება სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.

 

რეკომენდაციები სახლის შენარჩუნების შემთხვევაში:

არსებულ მასალაზე დაყრდნობით (2007 წლის ფოტოსურათები), მიზანშეწონილია ეზოში გამავლი ფასადებისათვის თავდაპირველი სახის დაბრუნება. კერძოდ, ხის კიბისა და ხის აივნის აღდგენა. დასაშვებია პირველი სართულისა და ნახევარსარდაფის გადაკეთება და მათ დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მეორე სართულის ისტორიული სახის გათვალისწინებით. დასაშვებია ეზოს შემომფარგვლელი ბეტონის ზღუდის და მასში ჩართული რკინის ჭიშკრის მოშლა. ახალი ზღუდის გაკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნას უბნისათვის დამახასიათებელი ზღუდეების ფორმა და სიმაღლე.


სასურველი დასაცავი ფასეულობა ახალი ნაგებობის აშენების შემთხვევაში:

გეგმარებითი სტურქტურა, პროპორცია, ზურგის კედლები.


პროექტის მიხედვით:

სახლში განთავსდა რესტორანი. ხელოვნებათმცოდნეების რეკომენდაციების შესაბამისად, შენარჩუნდა შენობის უკანა კედლები და გეგმარებითი სტრუქტურა. სასტუმროს ძირითადი კორპუსიდან რესტორანში გადმოსვლა განხორციელდა მეზობელი სახლის (ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი #20) სახურავის გავლით. შენობის სიგანე 4-დან 5 მეტრამდე გაიზარდა და ზედა სართულზე შეიქმნა ერთიანი შიდა სივრცე სახურავის მთელი სიმაღლის გამოყენებით. სამზარეულო და ტექნიკური სათავსოები ჩატანილ იქნა სარდაფის სართულზე. იმისათვის, რომ შენობა ჩაეწეროს უბნის საერთო იერში, ეზოში გამავალ ფასადზე შენარჩუნდა აივანი, თუმცა გამოყენებულ იქნა ახალი მასალები და ფორმები (სურ. 11, 12, 13).

ვინაიდან დღეს სახლი მძიმე მდგომარეობაშია და მისი ნაწილი დანგრეულია, შენობის რესტავრაციის პროექტი 2007 წელს გადაღებული ფოტოების მიხედვით გაკეთდა. არსებული რკინა-ბეტონით აშენებული ღობე იგივე კონფიგურაციის აგურის ღობით შეიცვალა. რესტავრაციის შემთხვევაში შენობა უნდა გაიწმინდოს მინაშენებისგან და აღდგეს მისი პირვანდელი გეგმარებითი სტრუქტურა.

 

გათვლები:

 

სახლი #20

სახლი #18

სახლი #22

ტერიტორიის ფართი, მ2

146

429

255

სარდაფის სართულის ფართი შიდა კონტურზე, მ2

56

327

79

ნომრების რაოდენობა

2

16

-

ნომრების ფართი, მ2

114

358

-

დარბაზის ფართი, მ2

-

-

158

ჰოლის ფართი, მ2

-

60

-

სამშენებლო ფართი, მ2

273

1206

339

 



[1] პროექტის შემუშავების პროცესში გაცემული იქნა ნებართვა #20 და #22 სახლების დანგრევის შესახებ. ამჟამად ორივე ეს შენობა დანგრეულია.

[2] შენობა და მისი მიკროუბანი გამოკვლეულია მ. მანიას მიერ და სახლის აღწერა-შეფასებისას სწორედ ამ კვლევას დავეყრდნობით. იხ. მ. მანია, ავლევის შესახვევის ძველი სახლი და მისი მიკროუბანი, საქართველოს სიძველენი, 14, 2010, გვ. 205-225.

სურ. 1. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №18
სურ. 2. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №18, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 3. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №18, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 4. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №18, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 5. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №20
სურ. 6. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №20
სურ. 7. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №20
სურ. 8. ნინო და ილია ნაკაშიძეებისშესახვევი №20, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 9. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №20, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 10. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №22
სურ. 11. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №22, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 12. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №22, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
სურ. 13. ნინო და ილია ნაკაშიძეების შესახვევი №22, პროექტის ავტორი გიორგი კიღურაძე, 2013
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme