Regional Co-operation for Cultural Heritage Development
რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის
Տարածաշրջանային համագործակցություն հանուն մշակութային ժառանգության զարգացման
Національна політика щодо культурної спадщини
Mədəni irsin inkişaf Etdimilməsi üçün regional əməkdaşlıq
Рэгіянальнае супрацоўніцтва ў мэтах развіцця культурнай спадчыны
 
E- Journal №1
Urban & Rural Heritage
რა მომავალი აქვს სვანეთს?

სილვიო კალვი

ინჟინერი და არქიტექტორი

  

წელსაც მქონდა სიამოვნება სვანეთი მომენახულებინა, კავკასიის ქედის ამ გამორჩეულ ხეობას, რომელიც თავისი სოფელ უშგულითურთ იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა საგანძურშია შესული.

შარშან თავად დავივალე სასიამოვნო ამოცანა, ვწვეოდი 120 წლის წინათ იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას მიერ გადაღებულ სურათებში ასახულ ადგილებს და გამემეორებინა იგივე კადრები.

საჭირო იყო არა მხოლოდ სვანეთის მთავარ ქალაქს, მესტიას ვსტუმრებოდი, არამედ ირგვლივ მდებარე პატარ-პატარა ხეობებიც და სოფლებიც დამელაშქრა, ზოგს, უშგულივით, სახელი აქვს განთქმული, ზოგი ნაკლებად ცნობილია, მაგალითად ხალდე, ჟაბეში და ადიში.

ზოგი ადგილი უცნობი იყო ჩემთვის მრავალჯერ სტუმრობის მიუხედავად: საშუალო ტურისტი ჩვეულებრივ ერთი-ორი დღე მესტიაში რჩება და შეიძლება უშგულიც მოინახულოს, მაგრამ ადიშივით მივიწყებულ სოფელს არასოდეს ეწვევა.

თუმცა უკან თუ გავიხედავთ, ასი ან მეტი წლის წინათ, როცა ვიტორიო სელამ ამ პატარა დაბებში სურათები გადაიღო, სიტუაციის განსხვავება (მაშინდელს და ახლანდელს თუ შევადარებთ) გამაოგნებელია.

კოშკები, დიდი ხნის წინანდელ სტუმრებს ასე რომ ნუსხავდნენ, კვლავაც იქ დგანან, როგორც გუშაგნი დარაჯობენ იქაურობას: ზოგი მიწაზე წამოქცეულა, ავდრის ან ადამიანის სიავის გამოისობით, იმ კოშკთა დარად 20-ე საუკუნის დასაწყისში რომ დაანგრიეს: თუნდაც ბეჩოში დადეშქელიანის კოშკის ხსენება რად ღირს, რომელიც რუსეთის ჯარის მიერ სვანეთის ოკუპაციის დროს ააფეთქეს.

შედარებისთვის შემოგთავაზებთ მაშინ და ახლა გადაღებულ სურათებს. ( ტაბ.1.ა,ბ;  ტაბ.2.ა,ბ; ტაბ.3.ა,ბ; ტაბ.4.ა,ბ; )

შედარება გვიჩვენებს, რომ სვანეთის კოშკები საუკუნეებს გადაურჩნენ.

მესტიის მდინარიდან გადაღებული ხედითაც ჩანს საბჭოთა დროის შენობათა ახალი რიგი, რომლებიც შთამბეჭდავად  და ინტრუსიულად ჩანან ძველი ნაგებობების ფონზე, განსაკუთრებით გამოირჩევა ძალზე ინტრუსიული ფერით, როგორიცაა ლურჯი, შეღებილი სახურავები.

გარდა ამისა ბოლო წლებში მესტიაში ახალი პროცესებიც განვითარდა, რაც თანამედროვე სტილის მნიშვნელოვანი ნაგებობების მშენებლობას (აეროპორტის კოშკი, იუსტიციის სახლი და ბიბლიოთეკა) და ქალაქის ახალი ადმინისტრაციული ცენტრის ურბანულ განახლებას მოყვა.

თუმცა იბადება კითხვა: მოახერხებენ კი სვანური კოშკები ადაპტაციას და გადაურჩებიან კი ახალ პროცესებს?

მომავალშიც კვლავ ასეთივე იქნება თუ არა მესტიის ლანდშაფტი, აზიდული გაბატონებული კოშკებით?

მნიშვნელოვანია პანორამული ხედის დაფიქსირება, რათა აქამდე მომხდარი ცვლილებები განისაზღვროს და ლანშაფტის მთავარი თვისობრიობა აღინიშნოს. (ტაბ.5)

* * *

რა არის ესოდენ მნიშვნელოვანი მესტიის ლანდშაფტში?

მე ორ ძირითად ელემენტს გამოვყოფდი:

ა) კოშკი;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტი.

კოშკები ანათებენ მწვანე და ყვითელი მინდვრების ფონზე: როგორც მიწადმოქმედი საზოგადოების სიმბოლოები და ისტორიულ მონუმენტური საგანძური. (ტაბ.6.ა)

სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტში ჩართულია სხვადასხვა საქმიანობაც, რასაც კვლავ შეხვდებით მესტიის შუკებში, იქ დილაუთენია ძროხებს წველიან და საქონელს საძოვარზე მიერეკებიან. (ტაბ.6.ბ,გ; )

დღეს რაღა ხდება აქ? ახალი საზოგადოებრივი ფორმა იმკვიდრებს თავს: ტურისტების საზოგადოება, ტრანსპორტისადმი და ღამისგასათევისადმი საკუთარი მოთხოვნებით.

დღვანდელ მესტიაში ყველაზე თვალშისაცემია მიმდინარე მშენებლობის მასშტაბები, საზოგადოებრივ თუ კერძო სფეროში.

ახალი გზის მშენებლობა შთამბეჭდავი სიმარჯვით მოხდა: ერთ წელზე ნაკლებ დროში ძველი გზა განაახლეს 100-ზე მეტ კილომეტრზე. დამხმარე ობიექტები მარტო თავში და ბოლოში კი არა, არამედ გზის მთელ სიგრძეზე ჩამწკრივებულან, ინერტული მასალის კარიერებს და ბეტონის საამქროებს მუშაობა გაუჩაღებიათ.

ვნახე როგორ დაბღუოდნენ სატვირთო მანქანები დილა-საღამო მესტიის მთავარი ქუჩის აღმა-დაღმა.

აეროპორტი ამაყობს თავისი ახალი კოშკით, რომელიც არაფრით გავს თავის ტრადიციულ დებს, სვანეთის არქიტექტურის ქვის კოშკებს.

ამავდროულად ქალაქის ამგვარმა განვითარებამ პირველი პრობლემებიც დაგვანახა, კერძოდ, ნარჩენების გატანის აუცილებლობა, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მდინარეში ამოყოფს თავს. (ტაბ.7)

შევეცადე გამეგო თუ ვინ წარმართავს ქალაქის განვითარების ამ პროცესს და პასუხი ვერ მოვისმინე; იტალიაში რომ ვყოფილიყავით იარსებებდა  გენერალური გეგმა და თითოეული ახალი შენობის აგებას ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა დაჭირდებოდა, პროექტის ხარისხსაც საგულდაგულოდ შეამოწმებდნენ.

მესტიაში მსგავსი სისტემა ვერ აღმოვაჩინე, მხოლოდ ჭორები და ბუნდოვანი პასუხები.

ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თუ მიწის ნაკვეთი გაქვს, შენობას ისე დააპროექტებ ადგილობრივი თემის მესვეურებს არც მოეთათბირები?

ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

ამჟამად ამ ქმედებას თავად სახელმწიფო წარმართავს: ყველა სახლს მთავარი ქუჩისა, რომელიც ცენტრალური მოედნისკენ მიემართება, რესტავრაცია უკეთდება: შენობას შესაბამისი ლამაზი შესახედაობა უნდა ქონდეს სტუმრების საამებლად.

რომ შეეკითხები ყოველთვის იგივე პასუხს გაგცემენ: ჩვენ „ტრადიციული არქიტექტურის“ შესაბამისად ვაშენებთო.

მაგრამ რას წარმოადგენს „ტრადიციული არქიტექტურა“? და ვინ განსაზღვრავს ამას?

როცა შევეცადე ეს საკითხი მეგობრებთან გამერკვია აღმოვაჩინე, რომ თურმე კანადიდან დაექირავებინათ კონსულტანტები მესტიის დეველოპმენტის დიზაინისთვის, რისთვისაც ნიმუშად ფრანგული მაღალმთიანეთის სათხილამურო კურორტების მოდელი აურჩევიათ.

რა თქმა უნდა, ესეც თავისებური არჩევანია: ამიტომ მომავალ წლებში მესტია კურშეველის მსგავსი ფრანგული სოფლის იერს მიიღებს?

ხომ არ შეეხება ადიშისნაირ პატარა სოფლებს სათხილამურო ფერდობების აურზაური რაც მათ თვალწარმტაც ლანდშაფს გაანადგურებს?

თუმცა ეს განვითარება სულაც არაა, ეს უფრო თვითმყოფადობის დაკარგვაა: სვანეთის არქიტექტურა ამას არ იმსახურებს.

ჩემის აზრით, რაიმე ახალი განვითარების დაწყებამდე ჯერ ძველი შენობების რესტავრაცია უნდა მოხდეს: მაგრამ როგორ უნდა ჩატარდეს რესტავრაცია?

სვანური არქიტექტურის იდენტურობა ჯერაც შეუსწავლელი და უცნობია: ახლახანს სვანეთის კოშკურმა საცხოვრებლებმა ვერონაში საერთაშორისო არქიტექტორთა ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

არქიტექტურა საჭიროებს ყურადღებას და საკადრის კვლევას:  ICOMOS-მა, ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, უშგულის არქიტექტურის საინტერესო კვლევა ჩაატარა, თუმცა კვლევის პერიოდის შემდგომ (2000 წ.) ერთი მაჩუბის ტიპის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი თოვლმა დაანგრია და სხვა შენობებიც ჩამოინგრა.

კონსერვაცია და რესტავრაცია ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს: ძველი შენობები საგანძურია და არა სათრევი ბარგი.

ამიტომაც განვითარების მთავარი გეზი ტრადიციული არქიტექტურის კონსერვაცია უნდა იყოს.

ეს ორ ეტაპად უნდა განხოორციელდეს:

ა)      მიტოვებული შენობების რესტავრაცია;
ბ)      მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ახალ არქიტექტურაში გამოყენებული მოდელების თაობაზე, ადგილობრივი ინიციატივა იქნება ეს თუ უცხოური.

იტალიურ ისტორიულ ქალაქებში არცერთ ახალ შენობაზე, ან ძველი შენობის დაშენება-მიშენებაზე არ გასცემენ ნებართვას თუ იგი არქიტექტურულ გარემოს არ შეესაბამება. ექსპერტებისთვის ამის მაგალითები ცნობილია.

ადგილობრივი თვითმყოფადობის დაცვა ადგილობრივი საზოგადოების ვალია, რომელიც უნდა ამაყობდეს საკუთარი მემკვიდრეობით და თვითმყოფადობით.

ამიტომ საჭიროა განისაზღვროს ადგილობრივი არქიტექტურის ხასიათი, რათა ამ სტილის პოპულარიზაცია მოხერხდეს: მომავალი წლების სამუშაო სწორედ ამისკენ  უნდა იყოს მიმართული, რაშიც გადამწყვეტი როლი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობამ უნდა შეასრულოს, ვიდრე ლანდშაფტი საკუთარი თვითმყოფადობისაგან განძარცვულა.

რას იტყვით სვანეთის არქიტექტურისადმი და მის თვითმყოფადობისადმი მიძღვნილ სემინარზე, რასაც პოპულარიზაციას ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები გაუწევდნენ?

გთხოვთ მხარი დაუჭიროთ და გაავრცელოთ ეს აზრი, რათა მომავალშიც შევძლოთ სვანეთის საგანძურით დატკბობა. 

ტაბ.1.ა. მესტია
ტაბ.1.ბ. მესტია
ტაბ.2.ა. უშგული
ტაბ.2.ბ. უშგული
ტაბ.3.ა. ლამარია
ტაბ.3.ბ. ლამარია
ტაბ.4.ა. ადიში
ტაბ.4.ბ. ადიში
ტაბ.5. მესტიის პანორამა
ტაბ.6.ა.
ტაბ.6.ბ.
ტაბ.6.გ.
ტაბ.7.
RCCHD Project:
Office 16b, Betlemi ascent, 0105 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2-98-45-27
E-mail: rcchd@icomos.org.ge
© 2012 - Eastern Partnership Culture Programme